არაოლიმპიური სპორტის სახეობების ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა

საქართველოს სპორტის სამინისტროში არაოლიმპიური სპორტის სახეობების ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეროვნული სპორტული თამაშების ასოციაცია წარუდგინა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ასოციაციის პრეზიდენტი ზაალ რუხაძე, რომელმაც ორგანიზაციის სამომავლო საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.
საქართველოს ეროვნული სპორტული თამაშების ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არაოლიმპიური სპორტის სახეობების მხარდაჭერა და მათი საერთაშორისო ასპარეზზე უფრო აქტიური წარმომადგენლობა იქნება. ასოციაცია სამომავლოდ ორგანიზებას გაუწევს შესაბამისი სპორტული ფედერაციებისა და სპორტსმენების მსოფლიო თამაშებში მონაწილეობას, ხელს შეუწყობს მათ მომზადებას, კოორდინაციასა და საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.
ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში არაოლიმპიური სპორტის განვითარების, სპორტული ფედერაციების მხარდაჭერისა და ქართველი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი მეძმარიაშვილი, ირაკლი დოლაბერიძე და ლევან მგალობლიშვილი.
საქართველოს ეროვნული სპორტული თამაშების ასოციაცია გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სპორტის სამინისტროსთან, ეროვნულ ფედერაციებთან და საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან, რათა საქართველოს წარმომადგენლობა მსოფლიო თამაშებსა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე კიდევ უფრო გაძლიერდეს.

Sign Up to Our Newsletter

Be the first to know the latest updates

[mc4wp_form id="13040" element_id="style-1"]